მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია იწყება შესაძლებლობით, განათლებითა და პროფესიული უნარებით.
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯი მოხარულია, რომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ერთვება იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების პროფესიული მომზადება და გადამზადება სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიის მიმართულებით, რათა გათავისუფლების შემდეგ მათ ჰქონდეთ დასაქმების, თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის შესაძლებლობა.
საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია რეციდივის შემცირებისა და სოციალური რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პროფესიულ განათლებაში ჩართული მსჯავრდებულების განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია იმ პირებთან შედარებით, ვინც მსგავსი შესაძლებლობით არ სარგებლობს.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის — ეს არის ადამიანისათვის ღირსების, პასუხისმგებლობისა და მომავლის პერსპექტივის დაბრუნება.