უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, განვითარების პერსპექტივები და თანამედროვე გლობალური ტენდენციები.
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების გადამდგარი კომოდორისა და კომპანია Celtic Sea Power-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ჯერმის (Steve Jermy) მოხსენება. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს მრავალწლიან სამხედრო და სტრატეგიულ ლიდერობას, საერთაშორისო ოპერაციების მართვასა და თანამედროვე ენერგეტიკული პროექტების განვითარებას. ამჟამად იგი აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიების, განსაკუთრებით კი მცურავი ოფშორული ქარის ელექტროსადგურების (Floating Offshore Wind), მწვანე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორისთვის კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარების მიმართულებით.
მოხსენების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესს, ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას, განახლებადი ენერგიების როლს თანამედროვე ეკონომიკაში, ასევე მწვანე უნარების (Green Skills) განვითარებისა და პროფესიული განათლების მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯისთვის მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოლეჯი აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიების მართვის, ენერგომენეჯმენტის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და თანამედროვე პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით.
გვჯერა, რომ განათლების, ინდუსტრიისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს საქართველოსა და რეგიონისთვის კონკურენტუნარიანი, თანამედროვე და მოთხოვნადი კადრების მოსამზადებლად, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ და ენერგეტიკულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების, ინოვაციების, მწვანე უნარებისა და მდგრადი განვითარების გაძლიერებას.