უსაფრთხოების აკადემია მონაწილეობს ENESAT-ის ხარისხის ნიშნის (Quality Label) განვითარების პროცესში
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, კოლეჯ „კავკასიონში“ დაიწყო ორდღიანი სამუშაო ვორქშოპი, რომლის მიზანია ENESAT-ის თვითშეფასების ინსტრუმენტის ინტერპრეტაცია და ხარისხის ნიშნის (Quality Label) შეფასების ჩარჩოს საბოლოო დახვეწა.
ვორქშოპში უსაფრთხოების აკადემიას წარმოადგენს დირექტორის მოადგილე ილონა ჩუხუა, რომელიც პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ENESAT-ის შეფასების კრიტერიუმების განხილვის, მათი ინტერპრეტაციისა და ხარისხის ნიშნის შეფასების ჩარჩოს სრულყოფის პროცესში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები თემატურ ჯგუფებში განიხილავენ ENESAT-ის სხვადასხვა მიმართულებას, აზიარებენ გამოცდილებას, მსჯელობენ შეფასების ერთიან მიდგომებზე და აყალიბებენ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის შეფასების სისტემის კიდევ უფრო ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის განვითარებას.
უსაფრთხოების აკადემიისთვის აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, აქტიური წვლილი შეიტანოს პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში.